სამუშაო ვიზიტი ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტში
12-16 სექტემბერს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის „სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტების განვითარება საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ახალგაზრდა ვეტერინარიის პროფესიონალების მომზადების მიზნით“ (VETPRO) ფარგლებში კონსორციუმის წევრი საქართველოს უნივერსიტეტების წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტს (ტარტუ, ესტონეთი).
ევროპის უნივერსიტეტის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამის აკადემიური და მოწვეული პერსონალი გაეცნო მასპინძელი უნივერსიტეტის ვეტერინარიის ფაკულტეტის სტრუქტურას, საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღების წინაპირობებს, კვალიფიკაციების მინიჭების პროცედურებს, ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის შინაარსს, პრეკლინიკურ და კლინიკურ კურსებს, პრაქტიკის გავლის კომპონენტს, ნაშრომების მომზადების წესს, სტუდენტების ჩართულობის წამახალისებელ მექანიზმებსა და სხვა რელევანტურ საკითხებს.
უნდა აღინიშნოს, რომ სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეებს ასევე მიეცათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას და მოენახულებინათ ანატომიის მუზეუმი, ვეტ-კლინიკები და კლინიკური ლაბორატორიები.