პროექტ VETPRO-ს ფარგლებში საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია “მეცნიერული მიღწევები ვეტერინარიის დარგის მდგრადი და უსაფრთხო განვითარებისათვის (AVET)” ჩატარდა
2024 წლის 26 აპრილს, ერაზმუს+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის „სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტების განვითარება საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ახალგაზრდა ვეტერინარიის პროფესიონალების მომზადების მიზნით“ (VETPRO) ფარგლებში, ვეტერინარიის მსოფლიო დღესთან (WVD) დაკავშირებით, ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „მეცნიერული მიღწევები ვეტერინარიის დარგის მდგრადი და უსაფრთხო განვითარებისათვის (AVET)”.
კონფერენცია ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე მოღვაწე მეცნიერების, აკადემიური პერსონალის, გამოცდილი და დამწყები მკვლევრების სამეცნიერო-პრაქტიკული საქმიანობის ფართო აუდიტორიის წინაშე წარმოჩენას ემსახურებოდა. ქართველმა, ესტონელმა, თურქმა და რუმინელმა სპიკერებმა მოხსენებები გააკეთეს ისეთ თემებზე, როგორებიცაა ცხოველთა კვება, ჰიგიენა და კეთილდღეობა, ცხოველური წარმოშობის სურსათის უსაფრთხოება, ინფექციური დაავადებები და ეპიდემიოლოგია, ბიოპოტენციალი, ვეტერინარული განათლება და სხვა.
მოხსენებების დასასრულს, კონფერენციის მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა აქტიურად ჩართულიყვნენ კითხვა-პასუხის სესიებში და მიეღოთ უკუკავშირი მათთვის საინტერესო საკითხებზე. კონფერენცია ჰიბრიდულ რეჟიმში ჩატარდა, ხოლო მისი მთავარი მომხსენებელი გახლდათ სავეტერინარო მედიცინისა და მეცხოველეობის ინსტიტუტის დირექტორი, ესტონეთის სიცოცხლის მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორი ტოომას ტიირატსი.
აღსანიშნავია, რომ სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციას – „მეცნიერული მიღწევები ვეტერინარიის დარგის მდგრადი და უსაფრთხო განვითარებისათვის”, რომელიც ზემოთ ხსენებული ერაზმუს+ პროექტის ფარგლებში დაფუძნდა, ყოველწლიური ხასიათი ექნება.