VETPRO-ს მკვლევრებმა ევროპის უნივერსიტეტის სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს
28 სექტემბერს, „სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტების განვითარება საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ახალგაზრდა ვეტერინარიის პროფესიონალების მომზადების მიზნით“ (VETPRO) ფარგლებში, ევროპის უნივერსიტეტის მხრიდან პროექტში ჩართულმა მკვლევრებმა სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.
შეხვედრას ლატვიასა და ესტონეთში სამუშაო ვიზიტით მყოფი ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამის აკადემიური და მოწვეული პერსონალი გაუძღვა. კერძოდ, უფროსმა მკვლევარმა მაია კერესელიძემ კოლეგებს ლატვიის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (ელგავა), ხოლო უმცროსმა მკვლევარმა მარიკა ბოკუჩავამ, ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტში (ტარტუ) მიღებული ცოდნა და გამოცდილება გაუზიარა.
პროექტში ჩართულმა მკვლევრებმა დეტალურად მიმოიხილეს მასპინძელი უნივერსიტეტების ვეტერინარიის ფაკულტეტების სტრუქტურა. ისაუბრეს მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზების, სასწავლო კურსების, პროფესიული პრაქტიკების, სამაგისტრო/სადოქტორო ნაშრომების მომზადების საკითხების, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამის აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების, პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების სტანდარტების, მსმენელთა ჩარიცხვისა და სხვა სახელმწიფო რეგულაციების შესახებ.
უნდა აღინიშნოს, რომ განხილულმა თემებმა აუდიტორიის დიდი დაინტერესება გამოიწვია. დამსწრეები დისკუსიაში აქტიურად ჩაერთნენ და მათთვის საინტერესო შეკითხვები დასვეს.